Partnioroba

თანამედროვე შრომის ბაზარზე პროფესიული განათლების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება რჩება. სწორედ ამ მიმართულებით, უკვე წლებია, აქტიურად თანამშრომლობენ კოლეჯი „ჰორიზონტი“ და „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომლებიც ერთობლივად ახორციელებენ პროფესიული მომზადების პროგრამას – „ჰიდროელექტროსადგურის (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორი“.

პროგრამა, უკვე წლებია, წარმატებით მიმდინარეობს და ენერგეტიკის სფეროში დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში, მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე ჰიდროელექტროსადგურებზე მუშაობის მიმართულებით. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ენერგეტიკის სფერო მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და სწრაფად განვითარებად მიმართულებად მიიჩნევა, ხოლო კვალიფიციურ ტექნიკურ კადრებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

სასწავლო პროცესი ისეა დაგეგმილი, რომ მსმენელებმა სრულყოფილი პროფესიული გამოცდილება მიიღონ. თეორიული ნაწილი მიმდინარეობს კოლეჯის თანამედროვე სასწავლო სივრცეებში, სადაც მსმენელებს გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიული განათლების მასწავლებლები ასწავლიან. პროგრამა მოიცავს ელექტროენერგეტიკული სისტემების, ჰიდროელექტროსადგურების მუშაობის პრინციპების, უსაფრთხოების ნორმების, ჰიდრომექანიკური აღჭურვილობის, ტურბინების, გენერატორების, ავტომატიზაციის სისტემებისა და ჰესის ექსპლუატაციის საკითხების სიღრმისეულ შესწავლას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრაქტიკული გამოცდილების მიღებასთან ერთად, პროგრამაში ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად რჩება თეორიული ცოდნის სიღრმისეული დაუფლება. მსმენელებისთვის არსებითია როგორც პროფესიული ტერმინოლოგიის სწორად ცოდნა და გამოყენება, ისე მიღებული თეორიული ცოდნის რეალურ სამუშაო პროცესთან დაკავშირება. სწორედ ეს ბალანსი – თეორიისა და პრაქტიკის ერთიანობა – ქმნის სრულფასოვან პროფესიულ კომპეტენციას და უზრუნველყოფს, რომ კურსდამთავრებულები მზად იყვნენ რეალურ სამუშაო გარემოში ეფექტურად ფუნქციონირებისთვის.

პრაქტიკული სწავლება  უშუალოდ ჰესებზე მიმდინარეობს, სადაც მსმენელებს სფეროში მოქმედი პროფესიონალები და კომპეტენტური კადრები ხელმძღვანელობენ, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს, რეალურ სამუშაო გარემოში, გაეცნონ თანამედროვე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, დანადგარებსა და ოპერირების პროცესებს.

პრაქტიკის ნაწილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ტარდება, მდინარე საშუალაზე მდებარე ჰესების კასკადზე, რომელიც კომპანია „ენერჯი დეველოფმენთ ჯორჯიას“ ეკუთვნის. კომპანია 2015 წელს დაფუძნდა და საქართველოში, განახლებადი ენერგიის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

მდინარე საშუალაზე განთავსებული კასკადი მოიცავს „საშუალა ჰესს“, „საშუალა 1 ჰესს“ და „საშუალა 2 ჰესს“. „საშუალა ჰესი“ 2.25 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურია, რომლის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2023 წელს შევიდა. „საშუალა ჰესი 1“ კი 8 მეგავატი სიმძლავრის სადგურია და 2021 წლიდან ოპერირებს. ჰესები მუშაობს მდინარის ბუნებრივ მოდინებაზე (run-of-the-river) და აღჭურვილია ევროპული წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებითა და დანადგარებით, მათ შორის Vaptech-ის, Schneider-ისა და Noksel-ის სისტემებით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჰესები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აშენებული და ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობს უსაფრთხოების, ტექნიკური გამართულობისა და გარემოსდაცვით მოთხოვნებს. სადგურებზე დანერგილია თანამედროვე მონიტორინგისა და მართვის სისტემები, ხოლო სამუშაო პროცესი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. სწორედ ეს გარემო აძლევს მსმენელებს შესაძლებლობას, პრაქტიკა რეალურ, ტექნოლოგიურად გამართულ და თანამედროვე საწარმოო სივრცეში გაიარონ.

სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ მსმენელები სწავლების პროცესშივე ეცნობიან იმ ტექნოლოგიებსა და სისტემებს, რომლებიც დღეს თანამედროვე ენერგეტიკის სექტორში გამოიყენება. პროგრამა ასევე მოიცავს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, ავარიული სიტუაციების მართვას, ტექნიკურ მომსახურებასა და სამუშაო პროცესის ორგანიზებას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამამ უკვე კონკრეტული შედეგებიც აჩვენა – მსმენელთაგან ორი უკვე დასაქმებულია ჰესზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროგრამის პრაქტიკულ მნიშვნელობასა და შრომის ბაზართან მის პირდაპირ კავშირს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანია „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ აქტიურად განაგრძობს განვითარებას და იწყებს ამავე ტიპის ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას სურებშიც. აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო აფართოებს როგორც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ისე პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს რეგიონში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ ახალი პროექტის ფარგლებში მოკლევადიანი პროფესიული პროგრამის მსმენელებსაც ექნებათ რეალური შესაძლებლობა, უკვე გადამზადების შემდეგ, დასაქმდნენ მშენებარე და შემდგომში ოპერირებად ობიექტზე. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროგრამის პრაქტიკულ მნიშვნელობას და მის პირდაპირ კავშირს შრომის ბაზართან და დასაქმების პერსპექტივებთან.

დღეს, როდესაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და განახლებადი ენერგიის განვითარება ქვეყნისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მსგავსი პროფესიული პროგრამები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კოლეჯი ,,ჰორიზონტი“ და „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ კი წარმატებით აგრძელებენ თანამშრომლობას, რომელიც განათლებასა და რეალურ ინდუსტრიას ერთმანეთთან აკავშირებს და ახალგაზრდებს დასაქმებაზე ორიენტირებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.