
კოლეჯ „ჰორიზონტს“ , გორაბერეჟოულში ლოკაციაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეწვია.
გორაბერეჟოულის კამპუსში გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გამოფენა, სადაც სტუმრებმა პროფესიული პროგრამების სტენდები და სტუდენტების ნამუშევრები დაათვალიერეს. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა მოკლევადიანი მომზადების პროგრამის ,,ხე-ტყის დამზადება” კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.
კოლეჯ „ჰორიზონტი“ გურიის რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიული განათლების კერაა. თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით აღჭურვილი კამპუსი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და 100-მდე სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარ მუნიციპალიტეტში დაეუფლონ მრავალფეროვან პროფესიებს.
,,ჰორიზონტში” შეძლებთ დაეუფლოთ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: მეხილეობა, სატყეო საქმე, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, ბუღალტრული აღრიცხვა, მებაღეობა, სკოლამდელი აღზრდა.
გორაბერეჟოულის კოლეჯს აქვს განსაკუთრებული ისტორია – ის 1924 წლიდან პროფესიული განათლების ერთ-ერთი პირველი კერაა საქართველოში. დღეს „ჰორიზონტი“ აგრძელებს ამ მისიას და ხელს უწყობს რეგიონში კვალიფიციური, მრავალპროფილიანი კადრების მომზადებას, რაც სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების სწრაფ განვითარებას ემსახურება.
